პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ტარდება
რაჭაში მიმდინარე, პროექტის „ევროპული არდადეგები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს სემინარები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ჩაუტარეს.
მომხსენებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
ინტერაქტიული საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, ბანაკის მონაწილეებს, ასევე, ვეტერანი მორაგბე გია ნემსაძე შეხვდა და თავისი სპორტული კარიერის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქვეყანაში რაგბის განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
პროექიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.