აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ.
პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა, შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის შემდეგ, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოეწყო, ასევე, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ცნობილი მხატვრის ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, , საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და კაჭრეთის ამბასადორის საცხენოსნო კლუბის მხარდაჭერით ჩატარდა.