განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა
თიბისი კონცეპტში განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟურნალ “რიწის“ ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი თუ ვიზუალური თვალსაზრისით და მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან.
ჟურნალი მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად, არის ფერადი, მასში განთავსებულ მასალათა უმეტესობა კი ექსკლუზიურია; აღნიშნული გამოცემა ითვალისწინებს თანამედროვე, საუკუნის შესაბამის სტანდარტებს, დღევანდელი მკითხველის მოთხოვნას, გემოვნებას, ინტერესს, ჟურნალისტიკასა და ლიტერატურაში მიმდინარე ნოვაციებს.
„რიწა“ 49-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა, მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც, თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის.
განახლებული „რიწა“ მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართველ და აფხაზ პოეტებს.