დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი
ორშაბათი, der 4. აპრილი 2022
by

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი.
გთავაზობთ ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას წერილს:
ჟურნალი „რიწა“ ლიტერატურული მიმართულებისაა, მაგრამ პოლიტიკურ სათქმელს ხელოვნების ენით ამბობს. მისი მრწამსი უცვლელია:
_ მშვიდობა, თქვენდა!
_ არა, ომს!
ყველა ჩვენი ნომრის ძირითადი თემა სწორედ მშვიდობის უზენაესობის ჩვენებაა.
როცა ზარბაზნები ქუხან _ მუზები დუმანო, ნათქვამია. არ ყოფილა მართალი. მუზები ვერ დადუმდებიან, როდესაც უდანაშაულო ხალხი იხოცება, როდესაც ბავშვები იღუპებიან და სასწორზეა შემოდებული სამყაროს ხვალინდელი დღე. ქართველებს გვჯეროდა და გვჯერა, რომ “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ასე იყო და ასეც იქნება. აფხაზეთის ომგამოვლილმა „რიწამ“ კარგად იცის მშვიდობის ფასი, ამიტომაც ხმას უერთებს კაცობრიობის პროგრესულ ნაწილს: – არა, ომს!
დააკვირდით სარჩევს და მიხვდებით, რომ ჩვენი ჟურნალიც იგივეს ცდილობს. ამ ნომერში გვერდი-გვერდ დაბეჭდილია ცნობილი ავტორები ( ზურაბ ხონელიძე, სერგი საჯაია, მურმან კვარაცხელია, ქეთევან ტომარაძე) და ახალგაზრდები ( ნიკოლოზ შაბურიშვილი, ელენე ღვინჯილია) გარე ყდის მხატვრობა ლადო ფოჩხუასი. ჟურნალში წაიკითხავთ ამ შემოქმედის მხატვრულ ნააზრევს და ინტერვიუს, იმის თაობაზე თუ როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილი მწერალი და მხატვარი ამერიკაში, თუ როგორი ცხოვრების გზა განვლო და როგორ მიაღწია დასახულ მიზანს.
ჩვენი აზრით, მეცნიერებისა და კრიტიკის რუბრიკებმა უნდა დააინტერესოს მკითხველი. პროფესორ ნოდარ ბერულავას წერილი ეძღვნება დიოსკურიის უძველეს ისტორიას. იოსებ ჭუმბურიძის თვალით დანახული და მოწოდებული თანამედროვე ლიტერატურის ანალიზი გულგრილს არ დატოვებს მკითხველს. ლადო ფოჩხუას გარდა, ნომერში წაიკითხავთ ლევან ლორიასა და გელა ჩქვანავას ნაწარმოებებს აფხაზეთის თემაზე. სოხუმელმა მწერალმა გელა ჩქვანავამ წელს ,,წლის საუკეთესო რომანის” ნომინაციაში გაიმარჯვა, სწორედ ამ რომანიდან ამონარიდს გაეცნობა მკითხველი. მემუარული ლიტერატურის მკითხველს ელოდება ნაწყვეტები გახმაურებული ნაშრომიდან ,,თავადის ქალი მუნდირში”. ისაკ ქორთუას მოგონებები კონსტანტინე გამსახურდიაზე , თამარ ზუხბაიას ფოტოები და ჩანაწერები, ვფიქრობთ, დააინტერესებს ლიტერატურის ისტორიაში მომუშავე მკვლევარებს. ჟურნალში ვბეჭდავთ ინტერვიუს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ელისო ბოლქვაძესთან.
ცალკე უნდა ჩამოვთვალოთ პოეტები, რომელთა ლექსები ნამდვილი ღირსებაა 2022 #1 ნომრის: ალექსანდრე მიშელაშვილი, ჯუბა ღებელი, ნატალი დარასელია, ლალი გულისაშვილი. რასაკვირველია, ამ ნომერშიც ვერ ვთქვით უარი რუბრიკაზე ,,თაობათა გადაძახილი”, რომელშიც ვაქვეყნებთ აფხ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თამაზ ხუბუას.
წერილს და ასევე რუბრიკაში ,,დებიუტი” ნიკოლოზ შაბურიშვილის პირველ ნაწარმოებს, რომელმაც ახალგაზრდულ პროექტში მიიქცია ყურადღება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძის ნაშრომი ,,ვისწავლოთ მშვიდობა” განსაკუთრებით ეხმიანება ნომრის თემას: მშვიდობა, თქვენდა!

Share: