აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღის” საიუბილეო საღამოს დაესწრო
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღის” 10 წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ 10 წლიანი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. დასის წევრებმა კი სხვადასხვა სპექტაკლებიდან ეპიზოდები წარმოადგინეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიმართა, ინტეგრირებული თეატრის დასს 10 წლის იუბილე მიულოცა, ღონისძიების სტუმრებს ,,აზდაკის ბაღისთვის” აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გააცნო და ასევე შემოქმედებითი საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი სივრცის გადაცემის საკითხი აცნობა.საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი,
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინტეგრირებული თეატრი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, აერთიანებს 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს.