გამოიცა შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე”
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და მწერალთა სახლის მხარდაჭერით თურქულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Epona Publishing მიერ გამოიცა შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“. წიგნის მთარგმნელია ჰასან ჩელიქი.
შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს.
სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. თუმცა გასული საუკუნის მიწურულის სამხედრო-პოლიტიკური პროცესები მხოლოდ ფონად გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს.
ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.
დოკუმენტური რომანის რამდენიმე პერსონაჟის ვინაობა, გარკვეული მიზეზების გამო, შეცვლილია.
რომანი ასევე თარგმნილია აფხაზურ ენაზე. აფხაზურენოვანი თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://cutt.ly/qUBxQ3V